ზვიად ძიძიგური: საქართველოს მოსახლეობაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენა და ავტორიტეტი არსად არ წასულა

საქართველო, თბილისი - 12:14 | 26.01.2016
ნანახია: 2921

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში გასაგზავნად მზად არის. 200 000-ზე მეტი ხელმოწერის საფუძველზე, კომისიის წევრები მოითხოვენ, ამ ცვლილებებით არჩევნების მაჟორიტარული წესი 2016 წლის არჩევნებამდე სამხარეო პროპორციული წესით შეიცვალოს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვენ, ამ საკითხის განსახილველად რიგგარეშე სესია დანიშნოს. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ კანონის შეცვლა არჩევნებამდე ვერ მოესწრება. არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი, საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. ხელისუფლების პოზიცია, რომ პროპორციული წესით მხოლოდ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი არჩევნები ჩატარდეს, ამ დრომდე უცვლელია. რაზე დაობენ ხელისუფლება და ოპოზიცია, რას გულისხმობს პარლამენტის დაკომპლექტება პროპორციული სიით? როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამომრჩევლები ხმას მისცემენ კონკრეტულ პარტიებს და არა ცალკეულ მაჟორიტარ კანდიდატებს: ქვეყანა დაიყოფა რეგიონებად, ყველგან იქნება წარდგენილი პარტიების ცალ-ცალკე სიები და შემდეგ, მიღებული ხმების შესაბამისად, პროპორციულად განაწილდება მანდატები იმის მიხედვით, რამდენ ხმასაც მიიღებს თითოეული კანდიდატი.

ამ და  2016 წლის სპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე „პრაიმნიუსჯორჯია“ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მართველი კოალიციის წევრს, ზვიად ძიძიგურს ესაუბრა:

-სავარაუდოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე  დარჩენილ დროში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხი ოპოზიციის მოთხოვნებს შორის პერმანენტულად დადგება. რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, ამ ცვლილების განხორციელება, ან რა უპირატესობა შეიძლება მას ჰქონდეს თავად ოპოზციის, ან სახელისუფლებო კოალიციის სასარგებლოდ?

-ვინც თვალს ადევნებს საარჩევნო საკითხებს, მარტივად შემიძლია ვუთხრა, რომ ჩვენ  ორ ეტაპიანი რეფორმის გეგმა გვაქვს  საზოგადოებისთვის წარდგენილი არსებული კონსტიტუციის ფარგლებში მაქსიმალურად სამართლიანად არჩევნების ჩატარების თაობაზე. ცვლილებები საარჩევნო კოდექსში უკვე მივიღეთ, სადაც მანდატების გამოთანაბრება მოხდა და 47 ათას ამომრჩეველზე იქნება 1 მანდატი პლიუს-მინუს 10%, როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაშია აღნიშნული, ხოლო 2020 წლიდან ვთავაზობთ სისტემის შეცვლას და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ეს, რომ მხოლოდ შეთავაზებად არ დარჩეს, ასევე ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ მათ დაუჭირონ მხარი ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებეს და კონსტიტუციაში დღესვე ჩაიწეროს, რომ 2020 წლისთვის არჩევნები ასეთი წესით ჩატარდეს. დანარჩენი ოპოზიციის გადასაწყვეტია, მათი პასუხისმგებლობაა, რადგან იმაზე მუდმივად ლაპარაკი, რომ 2016 წლიდან გადავიდეთ პროპორციულ არჩვნებზე, ვფიქრობ, ვერაფერს შეცვლის. მარტივად და გასაგებად მრავალჯერ ვთქვით, რომ კონსესუსი, რომელიც უმრავლესობაში შედგა, არის ორეტაპიანი რეფორმა. საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა არა გვაქვს, კოალიციაში არიან მხარდამჭერები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემის, შევთავაზეთ, ჩემი აზრით, ძალკიან სერიოზული გამოსავალი, რადგან ამ რეფორმის შედეგად მოგებული ყველა რჩება. ვისაც მაჟორიტარული სისტემის დატოვება უნდა, ვეუბნებით, რომ ეს სისტემა 2016 წელს ისევ იქნება შენარჩუნებული, ვისაც პროპორციული უნდა, ვეუბნებით, რომ დაგვიჭირეთ მხარი და გადავიდეთ პროპორციულზე 2020 წლიდან. ჩვენი უცხოელი ექსპერტები და კოლეგები მუდმივად ითხოვენ, რომ მანდატების წონა იქნას გათანაბრებული, მათ ვეუბნებით, რომ ორივე არჩევნებში ეს თანაბრობა არის უზრუნველყოფილი. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შეგვიძლია, რომ ოპოზიციის მხრიდან პრეტენზიები მოვისმინოთ, რომ უკმაყოფილოები არიან იმ ცვლილებებით, რომელიც უკვე განხორციელდა და ისევ ვეტყვი, რომ პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება და შესაძლებელი რაც იყო, კოალიციამ მაქსიმუმი გააკეთა.

- სხვადასხვა დროს არაერთხელ გამოთქმულა კრიტიკული მოსაზრებები ექსპერტების და ცალკეული პოლტიკოსების მხრიდან მაჟორიტარი პარლამენტარების კორპუსის მისამართით, რადგან მათ რეგიონებში, ვის რჩეულსაც წარმოადგენენ, ვერ და არ ახორცილებენ იმ ფუნქციას, რასაც ამომრჩეველი მათგან მოითხოვს. საქმე ეხება ძირითადად სოციალურ საკითხებს, რაზეც მაჟორიტარს აღსრულების ფუნქცია არ გააჩნია. არაერთხელ თქმულა, რომ მაჟორიტარული სისტემა არის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მყოფი არაეფექტური სისტემა, რომელიც პატარა ქვეყნისთვის დიდი ზარალია. თავად მაჟორიტარი დეპუტატი ხართ და როგორია თქვენი პოზიცია?

-ეს სისტემა არსებობს ინგლისში, საფრანგეთში და კიდევ ბევრი ქვეყანა შემიძლია ჩამოვთვალო, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული სისტემა არსებობს. მაჟორიტარული სისიტემის გაკრიტიკება და ნაგავში გადაგდება, ვფიქრობ, პირდაპირ შეურაცხოფას აყენებს ამ ქვეყნებს. ამ სისტემას აქვს თავისი უპირატესობები და პროპორციულს- თავისი. რაზეც შეჯერდება ხელისუფლება, ესეც ხელისუფლების თემაა. ხელისუფლება ჩამოყალიბდა იმ ვარიანტზე, რომელსაც ვთავაზობთ. რაც ეხება იმას, რომ მაჟორიტარული სისტემა არაეფექტურია, რადგან საკმარისი ძალაუფლება არ აქვვს, რომ თავის რაიონებში ესა თუ ის დამაკმაყოფილებელი ღონისძიება განახორციელოს თავისი ამომრჩევლისთვის, ამისთვის ჩვენ თვითმმართველობები შემოვიღეთ, მერები და გამგებელების პირდაპირი წესით არჩევა არსებობს, რომლებსაც თავისი ბიუჯეტი აქვთ და კომპეტენციის ფარგლები აქვთ. მაჟორიტარი დეპუტატი არც უნდა ჩაერიოს ისეთ საქმეებში, რომელიც თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება. ეს ჩემი მოსაზრებაა და იმის  მიხედვით, ზვიად ძიძიგური იყრის თუ არა კენჭს, მაჟორიტარული სისტემის ავ-კარგიანობაზე არ უნდა ვისაუბროთ. რა გადაწყვეტილებეასაც მივიღებ, საზოგადოება თავად ნახავს.

-პროპორციული სიების დაკომპლექტების საკითხი ბოლო კვირების განმავლობაში დღის წესრიგში დადგა უმრავლეოსობის იმ წევრების  მხრიდან, ვისზეც უკვე ითქვა, რომ ვეღარ მოხვდებიან „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო სიაში. რამდენად შეეფრება სიმართლეს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია კოალიციის შიგნით იმის გათვალისწინებით, რომ არაოფიციალურად, არსებული დეპუტატებიდან ზოგს მომავალ მთავრობაში დასაქმების გარანტიაც უკვე მიღებული აქვთ. არებობს თუ არა მსგავსი შეთანხმებები?

-ქვეყნის საარჩევნო პრაქტიკაში არსებობს გამოცდილება, რომ საარჩევნო სიებისა და კანდიდატების საკითხი წყდება მაშინ, როდესაც არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადებულია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიების დარეგისტრირების საკითხი იწურება ხოლმე. მე არ ვფიქრობ, რომ 2016 წელს რამე სხვანაირად მოხდება. ყველაფერი, პერსონალიებისა და სიების შესახებ ცნობილი გახდება, როდესაც აქტიური  საარჩევნო პროცესი თავის ფაზაში შევა. დღეს ლაპარაკი იმაზე, ვინ მოხვდება და არ მოხვდება საარჩევნო სიაში, მაჟორიტარი ვინ იქნება, ეს უბრალოდ, ჟურნალისტების ერთგვარი მოთელვაა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ რეალურად, გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იმ პერიოდში, რაც უკვე ვთქვი.

-თქვენს კოალიციაში უფრო ადრე დასახელდა აღნიშნული ვადა, კერძოდ,  პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ, რომლის სამზადისიც უკვე დაწყებულია..

-კოალიაციში შემავალი ყველა პარტია ატარებს ყრილობას. ცალკეული პარტია თავის წილ გადაწყვეტილებას მიიღებს და მერე  მოხდება კოალიციაში შეჯერება. ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როცა საჯაროდ გახმაურებას ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარკვეულ როლს ბიძინა ივანიშვილი კვლავ შეასრულებს, იმის მიუხედავად, რომ იგი არანაირ ოფიციალურ სტატსუსს არ ფლობს. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს, იმ ინფორმაციების გათვალსიწინებით, რაც „ქართული ოცნების“ სახაალწლო-საზეიმო“ შეკრების შემდეგ ითქვა?

-ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ ის აპირებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმაზე უფრო აქტიურად ჩაერთოს, ვიდრე ჩართული იყო 2012 წელში. თუკი, იგი აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო პროცესში, რა თქმა უნდა, გავლენაც ექნება, რადგან კოალიცია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული და შექმნილია, მისი გემოვნებით არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ალიანსი, რომელიც მმართველი კოალიცია გახლავთ. მას აქვს განუზომელი ავტორიტეტი და მისი შერჩეულია მთავრობაც, მინისტრებიც, პარლამენტიც და საპარლამენტო თანამდებობაზე მყოფი დეპუტატებიც. იგი პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ლიდერიც იყო და მთელი ქვეყნის ლიდერიც გახლდათ. ახალს ვერაფერს ვიტყვი, თუკი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების პროცესში ჩაერთვება და გავლენა ექნება, ამას ვერც თქვენ დაინახავთ როგორც სიახლეს.

-2012 წელში ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“ წინა  ხელისუფლების ჩანაცვლების საქმეში საკუთარი მისია შეასრულა. როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა რა როლი უნდა შეასრულოს ან კოალიციის და ან ქვეყნის სასარგებლოდ?

-ბიძინა ივანიშვილი კოალიციას, ან სადაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, სათავეში რომ ჩაუდგეს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს მისი გადასაწყვეტი საკითხია. თავის დროზე მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მიეცა განვითარების მეტი შესაძლებლობა, რომ მთავარი სიმძიმის ცენტრად თვითონ არ დარჩენილიყო პოლიტიკაში, თუმცა, რამდენადაც ვიცი, მომავალში ის პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.

-თქვენს კოალიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც არ მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ისევ აქვს ის ავტორიტეტი, როგორიც ჰქონდა მას წინა სპარალმენტო არჩევნების დროს. არ ფიქრობთ, რომ  ბოლო წლების  განმავლობაში მოსახლეობის განწყობები შეიცვალა?

-ბიძინა ივანიშვილის გავლენა და ავტორიტეტი საქართველოს მოსახელობაზე არსად არ წასულა, მას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ქვეყნის მოსახლეობას ეს დაავიწყდეს. მისი ქველმოქმედება რომ გადაიანგარიშო ჯამურად, ვფიქრობ, რაც კი საქართველოს ამ სახით დახმარება მიუღია, ყველაზე მეტია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენაზე კამათი ძალიან არასერიოზულია. მას გავლენა აქვს კოალიციაზეც. ამომრჩევლის განწყობა ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ისევ ისეთი არ არის, რადგან თავის დროზე მოლოდინი ძალიან მაღალი იყო. ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენს მიმართ კრიტიკულნი არიან, შეიძლება ფიქრობდნენ, რომ 3 წელიწადში ჩვენ დასავლეთ ევროპულის მსგავსი კეთილდღეობა უნდა მოგვეწყო, რაც შეუძლებელია. მთავარია, რომ დაწყებულია სწორი ტენდენციები, სამუშაო ადგილების შექმნით დაწყებული, სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურის, საკანონმდებლო, ბიზნესის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებთ პოზიტივები სახეზე გვაქვს, რაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში საქმე კარგადაა, მაგრამ სწორი მიმართულებით ნამდვილად მივდივართ. ამას მთელი მსოფლიო აღნიშნავს და ამის დადასტურებაა  ის, რომ პრობლემა არ გვაქვს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით, პრობლემა არ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. ამომრჩეველმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ვფიქრობ, მთავრობამ, პარლამენტმა, უმრავლესობამ საქართველოს მოსახელობასთან მეტი მუშაობა უნდა გასწიოს, რათა კარგად განუმარტოს თუ რა არის გაკეთებული, ან თუ არ არის გაკეთებული, რა მიზეზით არ არის გაკეთებული.

-ქვეყნაში არსებული სოციალური ფონი გავლენას თუ მოახდენს  საარჩევნო პროცესში და იქნება თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი მის მოსალოდნელ შედეგებზე?

-ამომრჩეველმა თვითონ იცის, რას აქვს გადამწყვეტი ფაქტორი და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ყველა პარტიას წინასაარჩევნო პერიოდში სრული შესაძლებლობა ექნება თავისი ხედვები, პროგრამები და პროექტები წარუდგინოს ქართველ ხალხს.

-ძალიან ბანალური მიდგომა გაქვთ, რადგან წინასაწრი კვლევების თუ პროგნოზების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ დაბალი შანსი აქვს, რომ ხმების იმ რაოდენობით მოვიდეს, როგორც გასულ არჩევნებში. თუ არსებობს ალტერნალტიული შესაძლებლობა, არჩევნებამდე შეიქმნას პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს შეცვლის?

-მე ვერ შეგეკამათებით, რადგან თავის მიდგომებში ყველა სუბიექტურია. მე ჯერ არ მინახავს, რომ ობიექტურად ვინმემ იცოდეს, ვინ რამდენ ხმას მიიღებს არჩევნებში. არსებულ პოლიტიკურ სპექტრს ჩემზე კარგად თქვენ იცნობთ და თუ ვინმესგან ელოდებით, რომ ის ისეთ კონდენციაშია, რომ ქართველი ხალხი მას გაჰყვება, ალბათ, საკუთარი წარმოდგენაც გექნებათ. პირადად  მე, ასეთ პოლიტიკურ ძალას ვერ ვხედავ. გაერთიანების შემთხვევაში, ოპოზიციას შეიძლება მათ მეტი პოზიტიური შედეგი ჰქონდეს, ვიდრე ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევეაში, ეს ჩემი შეხედულებაა და შესაძლოა, ჩემი შეხედულება სწორი არ იყოს.

„პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე