ხვალ, ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:59 | 23.01.2016
ნანახია: 3721

23 იანვარს, 12:00 საათზე თბილისის საკრებულოში (თამარ მეფის დარბაზში) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფონდ „ქართუს“ დირექტორი ნიკოლოზ ჩხეტიანი, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი უძღვებოდნენ.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება; დაგეგმილია თეატრის 100 წლიანი ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნისა და ასევე, ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა -„ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ”, ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება საოპერო და საბალეტო ხელოვნების კოსტიუმების უნიკალური კოლექცია, პარტიტურები, ძველი აფიშები და პროგრამები. 31 იანვარს „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება გამოჩენილ ქართველ საოპერო მომღერალსა და სახალხო არტისტს, მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება. ამავე დღეს, ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.

გახსნის კვირეული

25 იანვარი 18:00 საათი- „ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია“ - წიგნის პრეზენტაცია;

(ოპერისა და ბალეტის თეატრი; მის: რუსთაველის გამზირი 25)

26 იანვარი 16:00 საათი - „ოპერისა და ბალეტის თეატრის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა;“

(ხელოვნების სასახლე; მის:ია კარგარეთელის . 6)

28 იანვარი 16:00 საათი - ფოტოგამოფენა - „ოპერა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ“;

(ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი - სიმფონიური მუსიკის დარბაზი; მის . აღმაშენებლის გამზ. 123/125)

28 იანვარი - 18:00 საათი - გენერალური რეპეტიცია ოპერაში;

29 იანვარი - 11:00 საათი - მედიატური ოპერაში;

27 იანვარი 18:00 საათი - ოპერის ფარდის აღდგენის ისტორიაზე გადაღებლი ფილმის „შედევრის გაცოცხლება“ პრეზენტაცია;

(ეროვნული მუზეუმი .. BP-ის დარბაზი)

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდ „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით დაიწყო (პროექტის მთავარი არქიტექტორი – ლერი მეძმარიაშვილი). პროექტი ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, მათ შორის: გამაგრდა ფუნდამენტი, სახურავი ფურცლოვანი სპილენძით გადაიხურა, განახლდა და ამავდროულად, პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა - ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები; სრულიად შეიცვალა შიდა და გარე ქსელები; რესტავრირება გაუკეთდა და ხელახლა მოოქროვდა დარბაზი; თეატრი სრულად აღიჭურვა უმაღლესი კლასის ინსტრუმენტებით (მათ შორისაა ორი დიდი საკონცერტო სტეინვეის როიალი); სრული რესტავრაცია ჩაუტარდა დარბაზში მაყურებელთა სკამებს; რესტავრაცია ჩაუტარდა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით ავსტრიაში დამზადებულ 100 ნათურიან ბროლის ჭაღს; თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით; გადაკეთდა ჯანსუღ  კახიძის  სახელობის  სარეპეტიციო  დარბაზი  (მოეწყო მცირე სცენა და საორკესტრო ადგილი); თეატრს  დაემატა  ღია  ვერანდები  და  საგამოფენო  სივრცე.  მსახიობებისთვის გაკეთდა ახალი  საგრიმიოროები,  ანტრაქტების  დროს  დასასვენებელი დარბაზი, თანამშრომლებისათვის  აშენდა  სასადილო;  გაფართოვდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეატრის მიმდებარე სკვერს.

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, შეძენილია  „პანასონიკის“  ფირმის  2  მძლავრი  პროექტორი, რომელიც შეამცირებს სპექტაკლების სადადგმო ღირებულებას. ავსტრიულმა ფირმა „ვაგნერმა“ და სერბეთის ფირმამ  „სვეტლიოსტმა“  დაამონტაჟა  თანამედროვე  პროჟექტორები  განათებისათვის, გერმანულმა  ფირმა  „ზალცბრენერმა“  თეატრი  გახმოვანების  უახლესი  აპარატურით აღჭურვა. დღეს უკვე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას აქვს ისეთი ტექნიკური შესაძლებლობები, რომლითაც არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიო დონის საუკეთესო ოპერებს.  

სარემონტო სამუშაოები 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა - ამ პროცესში ჩართული იყო „ქართუ ჯგუფის“ ასეულობით თანამშრომელი. ჯამურად, სულ ოპერისა და ბალეტის თეატრის აღდგენა და რესტავრაცია  40 მილიონ დოლარამდე დაჯდა. 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გერმანულ კომპანიაში „გერიეცი“ სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით, დაიბეჭდა თეატრის ფარდა.

ოპერის თეატრი 30 იანვარს სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნება. ახალი დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია; მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. წამყვან პარტიებს შეასრულებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველიმომღერლები- ლადო ათანელი და თამარ ივერი,რომლებიც თეატრმა სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოიწვია. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - თეიმურაზ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი, ნიკოლოზ ლაგვილავა, ხათუნა ჭოხონელიძე, თეა დემურიშვილი, ირინა ალექსიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნინო ჩაჩუა, კახა თეთვაძე, გოჩა დათუსანი. დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი; სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერები 30, 31 იანვარს და 2, 21 თებერვალს გაიმართება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი, ოპერის განახლებულ შენობაში, პირველ საბალეტო პრემიერას-დავით თორაძის „გორდას“2016 წლის 12 თებერვალს წარმოადგენს. „გორდას“ აღდგენის ინიციატივას საბალეტო დასის ხელმძღვანელს ნინოანანიაშვილს ეკუთვნის, რომელიც  ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიისა და ლიბრეტოს ავტორია. დადგმაზე  საბალეტო დასის მთელი კოლექტივი მუშაობდა. „გორდას“ დეკორაციები მხატვარ  დავით მონავარდისაშვილს  ეკუთვნის, კოსტიუმები  კი - ანა კალატოზიშვილს. ბალეტის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი რევაზ ტაკიძე.

პრემიერა 2016 წლის 12, 13 და 14 თებერვალს განახლებულ თეატრში  გაიმართება. ქართველი კომპოზიტორის დავით თორაძის ბალეტი„გორდა“ვახტანგ ჭაბუკიანმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1949 წელს დადგა. მთავარ როლს ამ ბალეტში ლეგენდარული მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავად ასრულებდა. 1996 წელს  „გორდა“ ბალეტმეისტერისა და ქორეოგრაფის ზურაბ კიკალეიშვილის მიერ აღდგა. „გორდა“ თეატრის რეპერტუარში ათეული წლების განმავლობაში იყო წარმოდგენილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე