გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 16:30 | 18.12.2020
ნანახია: 591

სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10 პროცენტით. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა პროექტის - "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" - ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა.

"რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე, რაზეც ინფორმაციას საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით, მაგალითისთვის:

კიბერდანაშაულმა მოიმატა 24 პროცენტით, ოჯახში ძალადობამ - 8,5 პროცენტით, ხოლო მკვლელობამ - 11 პროცენტით ანუ ფიქსირდება 7 - ით მეტი შემთხვევა.
იცით, რომ კიბერდანაშაული არის 21-ე საუკუნის გამოწვევა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა.

ოჯახში ძალადობის მატების ტენდენცია კი განპირობებულია მზარდი მომართვიანობით, რაც წლების განმავლობაში გამოწვევას წარმოადგენდა.

აუცილებელია შევეხოთ იმ პოზიტიურ ტენდენციებს, რაც გვაქვს ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე, კერძოდ:

• ყაჩაღობა -42%

• გამოძალვა -34%

• ძარცვა -25%

• ქურდობა -12%

• შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც -28%

• მკვლელობის მცდელობა -5%

თქვენ გაეცანით იმ რეალურ ციფრებს, რაც ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას დანაშაულთან მიმართებაში. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც მედიასაშუალებებით მცირე ინციდენტებიც კი ინტენსიურად შუქდება, რაც ქმნის განცდას, რომ დანაშაულმა იმატა", - განაცხადა გომელაურმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე