პარტია არ დამიტოვებია, ვრჩები გირჩის ლიდერად- ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 18:04 | 04.12.2020
ნანახია: 536

პარტია გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას გირჩი არ დაუტოვებია და რჩება პარტიის ლიდერად.

მისი თქმით, ვინ იქნება გირჩში, ამას პარტიის მხარდამჭერები და ის ადამიანები გადაწყვეტენ, რომელთაც წლები, ენერგია და ფინანსური რესურსები შესწირეს გირჩს.

"პარტია არ დამიტოვებია, რა პარტია დავტოვე, რას ლაპარაკობთ. პარტია არ ვარ მე და არ არიან არც ის ადამიანები. ვინ იქნება გირჩში, მაგას გადაწყვეტენ გირჩის მხარდამჭერები და ის ადამიანები, ვისაც საკუთარი ცხოვრების წლები, დრო, ენერგია და ფული აქვთ ჩადებული გირჩში. ვრჩები გირჩის ლიდერად. არ ვაპირებ გარეთ არაფრის გამოტანას. პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი არ არის. ჩვენი გზები გაიყო ნიშნავს, რომ მაგ ადამიანებთან ერთად გირჩის კეთებას აღარ ვაპირებ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ თქვა, რომ თანაპარტიელებს ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის კონკრეტული პირობები შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.

"მე მქონდა პირობები, რა პირობებშიც ვთავაზობდი ერთად გაგვეგრძელებინა საქმის კეთება. მითხრეს, რომ ეს პირობები იყო მიუღებელი და ამის შემდეგ დავამთავრე საუბარი", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე