ზურაბ ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 11:27 | 04.12.2020
ნანახია: 572

ზურა გირჩი ჯაფარიძე იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ჯაფარიძემ თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში, "გირჩის ბაბლში" დაწერა:

"სამწუხაროდ, ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.

ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო", - წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე ხვიჩია Facebook პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავების გამო აკრიტიკებდა.

"პორნო გადმოწერა, დაასეივა ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს", - წერდა ხვიჩია.

ხვიჩიას პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

გუშინ Zoomer-ში ამომრჩევლების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე, ჯაფარიძეს ხვიჩიას განცხადების შესახებ შეკითხვა დაუსვეს, თუ როდის ექნებოდათ პარტიის ლიდერებს იაგოს განცხადებებზე რეაქცია.

ჯაფარიძემ თქვა, რომ იაგოს პოზიციას არ იზიარებდა, თუმცა არა განცხადების შინაარსის გამო. მან ასევე თქვა, რომ პარტიაში რაღაცები შეიცვლებოდა.

"კი რაღაცებს შევცვლით. მე არ ვარ მაგის მომხრე, რომ რამე თემაზე ვინმემ თავი შეიკავოს. ფუნდამენტურად არასწორი მგონია, მაგრამ ფორმას გააჩნია. როდესაც ასეთ კონტრავერსიულ თემას ეხები, როგორ გადმოსცემ საკუთარ აზრს და მინიმუმ ის უნდა გაითვალისწინო, როდესაც ასე რაღაცას ზერელედ სამი წინადადებით აგდებ და ამას მოყვება აფეთქება და გინება ყველა მხრიდან, მერე რაც არ უნდა ცადო, რაღაცების ახსნა, უნდა გესმოდეს, რომ ამითი სერიოზული ზიანი მოადგა უკვე გირჩს", - თქვა ჯაფარიძემ. ​

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე