ეს იყო სრული ცილისწამება, ჩემი ღირსება შელახეს - დავით ხვიბლიანი

საქართველო, თბილისი - 18:38 | 23.10.2020
ნანახია: 200

ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის დროს მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
ხვიბლიანი ამბობს, რომ მასთან დაკავშირებით მედია ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს. ხვიბლიანი ამბობს, რომ გუშინაც და დღესაც სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და საკუთარ მოავალეობას ასრულებდა.

ხვიბლიანი თავდამსხმელთან სავარაუდო თანამზრახველობას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.

"ეს იყო სრული ცილისწამება, რაც ჩემზე დაიდო და რასაც ავრცელებენ. ჩემი ღირსებაც შელახეს, სამსახური შელახეს. არც ერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ეს მე მგონი ქართველისთვის და ქართული სულის ადამიანისთვის არ არის ლამაზი საქციელი. დანარჩენი, რაც არ უნდა კითხვები დამისვათ, არ ვაპირებ პასუხის გაცემას, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება დაადგენს ყველაფერს, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. რაც იყო, რაც მოხდა, როგორც მოხდა და რანაირადაც მოხდა, ეს ყველაფერი იცის გამოძიებამ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ იქნება საჭირო, გამოძიება იტყვის ყველაფერს.

სერგო ჩაჩიბაია ვინ არის, საერთოდ არ ვიცი, ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. არა, მე სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ, მე ჩემს სამხედრო მოვალეობას ვასრულებდი და ვიყავი სამსახურში. გამოვცხადდი სამსახურში და შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბაზაზე," - განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად.

თავდამსხმელი 500 000 დოლარს და ვერტმფრენით ან ავტომანქანით ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა.

დღის განმავლობაში მძევლების უდიდესი ნაწილი ეტაპობრივად გათავისუფლდა, რომლებსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა, თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა სამი მძევალი სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე