საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:34 | 21.10.2020
ნანახია: 415

ამ ვითარებაში, თითოეული ჩვენგანის მთავარი სურვილი მძევლების რაც შეიძლება სწრაფად, უვნებლად გათავისუფლებაა, აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მისი განმარტებით, მთავარია, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა.

"განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას.

სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს, ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, მიჩვეული ვართ.

საგანგაშო და გამაოგნებელია კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ განხორციელებული ქმედებები, რომელთა ნაწილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.

გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენ ყურადღებას აღარ შევაჩერებთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყველას პასუხისმგებლობაა, სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა". აცხადებს კობახიძე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე