ბელარუსმა სვეტლანა ციხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 16.10.2020
ნანახია: 210

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციის ლიდერზე, ბელარუსის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიაზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ციხანოვსკაიას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული. ბრალდება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მანამდე, ციხანოვსკაიაზე ძებნა (რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გამოაცხადა.

სვიატლანა ციხანოვსკაია მონაწილეობდა ბელარუსში, 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა.

ციხანოვსკაია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და საჩივარი შეიტანა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ციხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და თავი ლიეტუვას შეაფარა. მოგვიანებით გავრცელებული ცნობით, მას ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურმა აიძულა ქვეყნის დატოვება.
ევროკავშირი და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებენ ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ლუკაშენკას არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე