აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 20:58 | 27.09.2020
ნანახია: 512

საგანგებოდ მოწვეულმა აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ, მილი მეჯლისმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში ორშაბათიდან შევა, ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

საომარი მდგომარეობა ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ბაქოში ამოქმედდება.

ბაქოსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში დაწესდება კომენდანტის საათი.

"კომენდანტის საათის დროს, მოქალაქეებს ეკრძალებათ ქუჩაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნა სპეციალური ნებართვისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთების გარეშე. განკარგულების თანახმად, ასევე დაწესდება შეზღუდვები მანქანების გადაადგილებაზე", - განაცხადა ალიევის ადმინისტრაციის უფროსმა.

მანამდე საომარი მდგომარეობა გამოცხადდა სომხეთის მთელ ტერიტორიაზე. გარდა საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა, სომხეთში საყოველთა სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

დღეს დილით, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ყარაბაღის კონფლიქტის 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992-1994 წლების შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე კონტროლი დაკარგა. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა არცერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს.

1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევამდე, კონფლიქტს 30 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე