სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 09:29 | 27.09.2015
ნანახია: 2089

სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა. 13-თვიანი და 13-დღიანი ბრძოლა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა, რის შემდეგაც აფხაზეთი სეპარატისტების კონტროლქვეშ მოექცა. 1993 წლის 27 სექტემბერს მტერმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანა სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან ქართველი მებრძოლები განიარაღებულნი იყვნენ. სოხუმიდან, მისი შემოგარენიდან და აფხაზეთის თითქმის ყველა რაიონიდან საბრძოლო ტექნიკა გაყვანილი იყო. ქართული მხარე ზედმიწევნით ასრულდება იმ შეთანხმებას, რომელიც ედუარდ შევარდნაძესა და ვლადისლავ არძინბას შორის სოჭში 27 ივლისს გაფორმდა. საუბარია, თავდაუსხმელობის, ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ შეთანხმებაზე.

სოხუმზე შტურმი, გუდაუთაში დაბანაკებულმა რუსეთის არმიის 345-ე საჰაერო-სადესანტო ბატალიონმა დაიწყო.

სოხუმის დაკავებიდან რამდენიმე დღეში მტერმა თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორია დაიკავა. სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები, რომლებმაც გაქცევაზე უარი განაცხადეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს.

აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და იგი ომში გადაიზარდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად შევიდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა "აფხაზურმა გვარდიამ", ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა ვლადისლავ არძინბასთან 11 აგვისტოს მიღებული შეთანხმებით გადაწყდა, თუმცა "აფხაზურმა გვარდიამ" საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებსა და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. საომარ მოქმედებებში ავიაცია, არტილერია და ტანკები ჩაერთო. აფხაზური მხარის გაღიზიანება რკინიგზის დაცვის მიზნით რეგიონში საქართველოს მილიციის შეყვანამ განაპირობა.

1993 წლის მარტის პირველ რიცხვებში სომხური ორგანიზაციების, "კრინკისა" და "მაშტოცის" ინიციატივით, აფხაზეთში მარშალ ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი შეიქმნა. ბატალიონი ქართველების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა გენოციდში. ბატალიონში 500-ზე მეტი მებრძოლი ირიცხებოდა. ბატალიონის მეთაური იყო ვაგარშაკ არამის ძე კისიანი. სომხური ბატალიონი ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდა.

საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ დაქირავებულები სირიიდან, იორდანიიდან, თურქეთიდან, დნესტრისპირეთიდან, ყარაბაღიდან. გარდა ამისა, საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 345-ე სადესანტო პოლკი, გუდაუთაში დისლოცირებული სამხედრო-საჰაერო ძალების ესკადრილია, ოჩამჩირესა და გუმისთაზე დისლოცირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონები. ბრძოლების დროს მოწინააღმდეგეს ეხმარებოდნენ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები.

1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კიდევ ერთი ხელშეკრულება დაიდო. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

დაუზუსტებელი მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქიტის დროს 16 ათასი ადამიანი დაიღუპა - 10 000 ქართველი და 4 000 აფხაზი. ომამდე რეგიონში 537 000 მოქალაქე ცხოვრობდა, დღეს აფხაზეთიდან 300 ათასამდე ათასი ადამიანია დევნილი.

აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, სტატისტიკური მონაცემებით, სულ დაღუპულია 3 368 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის არაქართველი ეროვნების 218 ადამიანია: 99 რუსი, 35 სომეხი, 23 უკრაინელი, 22 ბერძენი, 18 ებრაელი, 15 აფხაზი, 4 აზერბაიჯანელი, 1 ესტონელი და 1 მოლდაველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. დანარჩენი 3 150 ეროვნებით ქართველია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე