ნათია თურნავასგან სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება მოვისმინეთ - ბოკერია

საქართველო, თბილისი - 15:33 | 18.09.2020
ნანახია: 471

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას გადასახადის დაწევაზე მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმის გამოვლინება უწოდა.

"საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო - მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი, ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი 4-ია, არ გესმით რაზეა ლაპარაკი?" - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის შედარებები იაფ ფრენებთან დაკავშირებით არარელევანტურია.

"პოლიტიკური უტიფრობის ზღვარზე ლაპარაკობთ. გიორგი კანდელაკს უკითხავდით მორალს იაფ ფრენებზე და ქუთაისის აეროპორტზე, სერიოზულად ამბობთ ამას? როცა არაფერი აღარ განავითარეთ მანდ სწორედ იმისთვის, რომ დიდი ნახტომი გვქონოდა და 2011 წელს ადარებდით რაღაცას? მე-17 საუკუნისთვის შეგედარებინათ მაშინ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა ითქვა და ეს უნდა დამიდასტუროთ, რომ წამოგცდათ. თურმე საქართველოს არა მოქალაქეებს კარანტინში რომ მოუწევთ გასვლა და ოჯახის წევრი საქართველოს მოქალაქე რომ ჰყავთ, აძლევთ უფლებას, რომ კარანტინში შეუერთდნენ? ასეთი დიდსულოვნები ხართ?" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე