კალაძის განცხადებით, მერია კონცერტებს აფინანსებს და ორგანიზებას არ უკეთებს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 16.09.2020
ნანახია: 127

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს თბილისის მერია დედაქალაქში კონცერტებს უწევს ორგანიზებას.

კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერია კონცერტებს აფინანსებს.

"ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებსა და ღონისძიებებს. თითოეულ ღონისძიებას ჰყავს ორგანიზატორი და ყველა ვალდებულია, რეკომენდაციები დაიცვას. ჩვენ, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს გამოვუცხადეთ მხარდაჭერა, ვაფინანსებთ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება კონცერტები, ბენდები, მომღერლები, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და არასდროს ადამიანებს პრობლემის წინაშე არ დავტოვებთ. ამისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი იქნა მოძიებული ჩვენს ბიუჯეტში", - განაცხადა კალაძემ.

10 სექტემბრიდან ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე შეიზღუდა. შეზღუდვები შეეხო ქორწილებს, იუბილეებს, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებს. თუმცა ამის შემდეგ, 12 სექტემბერს, მერიის ნებართვით, კიკვიძის ბაღში კონცერტი გაიმართა. 14-15-16 სექტემბერს კი თბილისში მუსიკალური ფესტივალი იმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე