„ეს არის ბინძური ცილისწამება, რასაც ეს ქალბატონი ახმოვანებს“ - მანანა კობახიძე

საქართველო, თბილისი - 18:30 | 11.01.2016
ნანახია: 1821

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ანა აზნაურაშვილის განცხადებებს ,,ბინძურ ცილისწამებად“ აფასებს. 2011 წლის 26 მაისის ღამეს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის დედის მიერ დღეს გამოთქმულ ბრალდებებზე კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ქალბატონმა პროკუტარურას უნდა მიმართოს.

,,ეს არის ისევ და ისევ ბინძური ცილისწამება. ძალიან ბინძური ფაქტი, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ეს ქალბატონი ახმოვანებს. ვერ გეტყვით, ვინ მართავს, რა მიზნებით ახმოვანებს. ეს არის ისეთივე სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც კამპანიურად ეწევიან ელისაშვილი და მისი მეგობრები. ამიტომ, ამისთვის არის პროკურატურა, რომ ეს საკითხი გაირკვეს. მიმართოს ამ ქალბატონმაც პროკურატურას და ისიც იქნება ერთ-ერთი მოწმე, რომელსაც დაკითხავენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის განცხადებას არავითარი კავშირი არა აქვს სიმართლესთან. სამწუხაროა, რომ ამ ქალბატონსაც იყენებენ, როგორც ჩანს გარკვეული პოლიტიკური ძალები. ვის რატომ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, ამისთვის კომისია არსებობდა, რომელშიც დეპუტატები არ იყვნენ, მათ შორის არც მე. კითხონ ისევ იმ კომისიას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი პატიმრის დედა, ანა აზნაურაშვილი დეპუტატებს ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს, ასევე უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ნინო ბურჯანაძის პარტიისგან ქრთამის აღებაში ადანაშაულებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე