ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება - გოცირიძე

საქართველო, თბილისი - 15:04 | 17.07.2020
ნანახია: 985

ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი რასაც ამბობს, პირდაპირ და სწორად ამბობს, - აღნიშნა მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია“.
გოცირიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება ცუდად გაიგო.

„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ცუდად გაიგო, ბრიყვულად. მათ განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საჯარო მოხელე, არის უკრაინის მოქალაქე და პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ნებისმიერი განცხადების უფლება და ნუ დაათრევთ ელჩს საგარეო უწყებაში, შეიგნეთ, განცხადების გაკეთების უფლება ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვსო, თუნდაც, უკრაინის მოქალაქე იყოსო. აბა, ამერიკელები, ლიუტეველები, ევროპარლამენტარები რომ მიუთითებენ საქართველოს, დემოკრატია იყოს დანერგილი და არჩევნები ჩატარდეს, თუ ლიეტუველს შეუძლია, „უკრაინელ“ სააკაშვილს რატომ არ შეუძლია? უკრაინელი ბრჭყალებში, დამცინავად მოვიხსენიებ, რადგან სულით ხორცამდე ქართველია“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და საკუთარი ადგილი ექნება.

„ნუ ჰგონიათ, რომ სააკაშვილი სულ უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში იქნება, დაბრუნდება საქართველოში და თავისი ადგილი ექნება. როდის? როცა ამის დრო დადგება“, – აღნიშნა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე