ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში - დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 22:04 | 11.07.2020
ნანახია: 615

ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა, ის მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა.

მომხდარზე კომენტარს, "კურიერთან" თავად კობა კობალაძეც აკეთებს.

"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა მასზე აგორებული. ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და რეალური, სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. არავის ვაფარებ ხელს. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი საქმეა”,- აცხადებს კობა კობალაძე.

გუშინ, 10 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში ანონსი გავიდა, რომლის მიხედვით, 23 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებულები შსს-ს დაკავებული არ ჰყავდა. ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთ–ერთი პირი ქართული ოცნების დეპუტატის შვილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანონსის გასვლის შემდეგ "შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ."

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული დ.ჟ და 2000 წელს დაბადებული გ.კ. 2000 წელს დაბადებული დ.კ. კი, მათივე ცნობით, პოლიციის განყოფილებაში თავისი ინიციატივით გამოცხადდა.

გ.კ.-ს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება, დ.ჟ-ს კი ძალადობა და ცივი იარაღის ტარება.

"საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით", – ვკითხულობთ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე