თელავის საკრებულოს წევრს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 18:04 | 11.07.2020
ნანახია: 538

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა თელავის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის ივნისში მიხეილ გრემელაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.შ.-ს. ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.შ.-ს და შვილს 18 წლის ი.გ.-ს, მათ შორის ერთხელ არასრულწლოვანი, 7 წლის შვილის გ.გ.-ს თანდასწრებით.

აღნიშნულის შემდეგ მიხეილ გრემელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა ჰაერში და მ.შ.-ს, ი.გ.-ს და გ.გ.-ს მოკვლით დაემუქრა, მოგვიანებით კი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მეუღლეს მ.შ.-ს და შვილებს ი.გ.-ს, ე.გ.-ს და გ.გ.-ს სახლის დატოვება მოსთხოვა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ქმედებები მიხეილ გრემელაშვილმა განახორციელა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით.

სამართალდამცველებმა მიხეილ გრემელაშვილი 2020 წლის 8 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126 მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილით, 111-151 მუხლის მე-2 ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მიხეილ გრემელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე