ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 14:03 | 04.07.2020
ნანახია: 535

დღეს, 4 ივლისს შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის 244 წელს აღნიშნავს.

1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში, ამერიკის მაშინდელ დედაქალაქში, საეკლესიო ზარებით ქვეყანას კონგრესის მიერ ტომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სამუშაო ვარიანტის დამტკიცება ეუწყა.

ამერიკელები ამ დღეს ტრადიციულად აღლუმებით, კონცერტებით, საზეიმო წვეულებებით, პიკნიკებით და ფოიერვერკებით აღნიშნავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული იქნება.

"ამერიკის ხმის" ცნობით, ტრადიციული საზეიმო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა, ან ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მაგალითად, მაღაზია "მეისისის" 4 ივლისის ფოიერვერკები და ექსტრავაგანტული შოუ, რომელიც ნიუ-იორკში ყოველ წელს, ტარდება, წელს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გადაიცემა მაყურებლისთვის.

4 ივლისს, ტრადიციულად, ვაშინგტონის ეროვნული არქივის კიბეზე დამოუკიდებლობის დეკლარაციას კითხულობენ. შენობის შიგნით, დოკუმენტის დედანი, კონსტიტუციასთან და კონსტიტუციის პირველ შესწორებასთან ერთად, თვალსაჩინო ადგილზე არის გამოფენილი.

ეროვნული დღესასწაული ფედერალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს თბილისშიც იზეიმებენ. 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის სატელევიზიო ანძა კი ამერიკის დროშის ფერებში განათდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე