ვარკეთილში მოვაჭრეთა ნაწილმა გზის გადაკეტვა სცადა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 16.06.2020
ნანახია: 553

დილიდან ვარკეთილში მოვაჭრეთა ნაწილმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადა. სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მოქალაქეები ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლას ამ დრომდე ცდილობდენ.

დაზარალებულები მთავრობის წარმომადგენლების ადგილზე მისვლას ითხოვენ. თუმცა, ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ტერიტორიაზე არ მისულან. ერთ-ერთი დაზარალებული შეუძლოდ გახდა. დაზარალებულები ფინანსურ ვალდებულებებზე საუბრობენ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს - მოვაჭრეთა ნაწილი ფიქრობს, რომ ის სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. დაზარალებულთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ სარემონტო სამუშაოები ხანძარს ვერ გამოიწვევდა, რადგან ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში არავინ იყო. კიდევ ერთ მიზეზად სახელდება ელექტროსადენების არასწორი გაყვანილობა.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გვიან ღამით ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე გაჩნდა. დამწვარია 4000 კვადრატამდე ფართობი. დაშავდა ორი ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე