13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

საქართველო, თბილისი - 11:26 | 13.06.2020
ნანახია: 1367

თბილისის 13 ივნისის წყალდიდობიდან 5 წელი გავიდა. წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და აქედან იდენტიფიცირებულია 19 ადამიანი.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თბილისის მერიას ფინანსური დახმარება გაუწია.

წყალდიდობის შედეგად ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების რაღაც ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი დამაძინებელი წამალიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი, ვეფხვისა და ლომისათვის სრულიად საკმარისია, რომ გაანადგუროს მასთან ახლოს მყოფი ადამიანი და შეიწიროს მისი სიცოცხლე.

15 ივნისის საღამოსთვის, ზოოპარკის თანამშრომლებისა და მისი დირექტორის განცხადებით, საქართველოს დედაქალაქში უკვე აღარც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. ზოგი მათგანი დაძინებულ იქნა და შემდეგ დაბრუნებული ზოოპარკში, ხოლო ზოგი მათგანი, ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. თუმცა, ეს ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა. 17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალულმა ვეფხვმა ოთხი შესული თანამშრომლიდან ერთის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო დანარჩენებმა მისგან გაქცევა მოახერხეს. ორ საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა.

მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობა და მსხვერპლი თბილისში პირველი არ არის. პირველად არ მომხდარა არც ზოოპარკის დატბორვა. ვერე ადიდდა და ქალაქის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებში. განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა კი საცხოვრებელი სახლები დატბორა და მანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე