მახალდიანის ქუჩაზე, სადაც ორსართულიანი სახლი იწვოდა, ხანძარი ლოკალიზებულია

საქართველო, თბილისი - 19:56 | 12.06.2020
ნანახია: 678

თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 15 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ადგილზე შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში გამოცხადდა და ხანძრის ქრობა დაუყოვნებლივ დაიწყო.

ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. მიმდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ხალხი ევაკუირებულია.

„ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლი 4 საცხოვრებელ სახლშია გავრცელებული. იყო ხანძრის უფრო ფართო მასშტაბზე გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღიკვეთა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, - იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 ჯგუფთან ერთად, იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე