მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების მატება, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 17:38 | 12.06.2020
ნანახია: 669

ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გარკვეულად ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვექნებოდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დილისთვის დადასტურებულ შემთხვევებს დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და კიდევ მოსალოდნელია მატება, თუმცა „ეს პანიკის საფუძველი არ არის“.

„ველოდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, გარკვეულად ინფიცირების შემთხვევების ზრდა გვექნებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, მუდამ შეზღუდვებში ხომ ვერ იქნება საზოგადოება, ეკონომიკას სჭირდება გახსნა.ამიტომ არის, რომ დღეს დილისთვის ცხრა დამატებითი შემთხვევა გვქონდა, უკვე დღის განმავლობაში ექვსი დაემატა და ალბათ კიდევ დაემატება შემთხვევები. ეს მოსალოდნელია და არ გახლავთ პანიკის საფუძველი” - აღნიშნა გამყრელიძემ

მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა შეექმნას ილუზია, და არ უნდა დამშვიდდეს, რომ კორონავირუსს მოერია.

„დღეის რიცხვით ხუთი შემთხვევაა, სადაც წყაროზე ვერ გავდივართ. ძალიან ბევრი კონტაქტი გამოვიკვლიეთ ამ ხუთის და ჯერ ამ ახლო კონტაქტებში გავრცელება არ დავაფიქსირეთ, მაგრამ ეს შეიძლება გამოჩნდეს ხვალ, ზეგ, მაზეგ. როცა პირველწყაროზე ვერ გადიხარ, ეს პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ შიდა გავრცელება მეტი გაქვს. ეს ჯერ გინთებს „ყვითელს“, მერე შეიძლება „წითელი“ აგინთოს. ნუ დავმშვიდდებით, ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ უკვე. ჩვენ, მარტო ქართველები, ვერ მოვერევით ამ კორონავირუსულ ინფექციას. გლობალურად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე