ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმო-ს ევროპის რეგიონული დირექტორი

საქართველო, თბილისი - 18:15 | 08.06.2020
ნანახია: 939

ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

„ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს“, – ამბობს ჰანს კლუგე „ტელეგრაფთან“ საუბარში.

ექიმ კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, პანდემიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტი.

„ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჯანდაცვა ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა სინამდვილეში, სადაც არ არის ჯანმრთელობა, არ არის ეკონომიკა“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

„ეს არის გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმსახურებს ადგილს დღის წესრიგის სათავეში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე