მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივნად დაინიშნოს

საქართველო, თბილისი - 14:06 | 06.05.2020
ნანახია: 676

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივნად დაინიშნოს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ცენზორ.ნეტ"-ის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი სოციალურ ქსელში წერს.

"6 მაისს მოსალოდნელია საპრეზიდენტო განკარგულება, რომ მიხეილ სააკაშვილი დაინიშნოს ეროვნული რეფორმების საბჭოს მდივნად, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობს. ამავე დროს, პრეზიდენტი გააფართოვებს სააკაშვილის უფლებამოსილებებს - ის მიიღებს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრებში", - დაწერა ბუტუსოვმა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა რეფორმების საკითხებში, თუმცა საკითხი უმაღლეს რადაში განსახილველად არ შესულა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ რეფორმების მიმართულებით მას ვიცე პრემიერის თანამდებობა შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებების წარმოება მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხა საფინანსო ორგანიზაციებთან.

უკრაინაში სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო რაზუმკოვს წერილი გაუგზავნა, სადაც მან საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნის გამო შეშფოთება გამოთქვა.

საქარველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საქართველოს ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევდნენ.

მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშნვას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე