შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 05.01.2016
ნანახია: 1448

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. 31 დეკემბრიდან დღემდე სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში 700-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა და თითოეულზე მყისიერი რეაგირება მოხდა.
მაშველებმა თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სამარშრუტო ტაქსები და სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის პირობებისთვის შეუსაბამო საბურავების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.
წყალტუბოში, ცხუნკურის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილ რამდენიმე ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს ცაგერში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თოვლში ჩაფლული მანქანები; ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მყოფ დედებს კი - წყალი და საკვები მიუტანეს.
შსს საგანგებო სიტუაციების სააგენტო სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც დაეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტის სოფლებიდან მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
უკვე მესამე დღეა, ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე