ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:23 | 31.12.2015
ნანახია: 1535

ბათუმის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა. ქალაქის მერი სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით ქალაქში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სტრუქტურული ერთეულები და დაქვემდებარებული ორგანიზაციები. მერიაში ამოქმედდა ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს შემდეგ ნომრებზე: 27 26 09; 24 22 22.

მერიის ინფორტმაციითვე, მთელი ღამის განმავლობაში, წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად ხორციელდებოდა ქუჩების თოვლისგან გაწმენდა. მუშაობდა სპეციალური ტექნიკა. დილის 6 საათიდან გაწმენდით სამუშაოებში ჩაერთო შპს ,,სანდასუფთავების“ 200 თანამშრომელი. გაიწმინდა ტროტუარები და გზის სავალი ნაწილი. გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება.
მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება ბათუმის ყინულის სახლის თოვლის საფარისგან გაწმენდა. პარალელურად, შპს ,,ბათუმის წყლის“ თანამშრომლები წმენდენ სანიაღვრე არხებს.
გათოვებისთანავე ქალაქში მონიტორინგის განხორციელება დაიწყო ა(ა)იპ ,,გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა“. ამ დრომდე მუშაობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ხეებს თოვლისგან ასუფთავებენ. ე.წ. გოროდოკის ტერიტორიაზე წაიქცა ერთი ხე. მობილურმა ჯგუფმა უკვე განახორციელა ადგილიდან ხის გატანის სამუშაოები.
ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ შექმნილა პრობლემა გაზით მომარაგებასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ მიეწოდება 100 აბონენტს მახინჯაურის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა.
მერია აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე