"თეგეტა მოტორსი" დედაქალაქში 126 ერთეულ BMC-ის მარკის 12-მეტრიან ავტობუსს შემოიყვანს

საქართველო, თბილისი - 11:55 | 26.02.2020
ნანახია: 631

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დედაქალაქში 126 ერთეული BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსი შემოვა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ავტობუსები კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) იმუშავებს.

მისივე თქმით, აღნიშნული ავტობუსები თურქეთში იწარმოება და მათი აწყობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ჩვენი პრიორიტეტია, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად განვაახლოთ, მოვაწესრიგოთ, მგზავრობა კი კომფორტული იყოს. შესაბამისად, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა - ახალი ავტობუსების შესყიდვა უკვე დავიწყეთ. სულ ჩამოვიდა 220 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსი და 90 ერთეული 10-მეტრიანი ავტობუსი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, გამოყოფილია თანხები და გამოცხადებული იყო შესყიდვა 12-მეტრიან ავტობუსებზე. გვყავს გამარჯვებული კომპანია „თეგეტა მოტორსი“, რომელიც ვალდებულია, შემოიყვანოს 126 ერთეული BMC-ის მარკის ავტობუსი, რომელიც თურქეთში იწარმოება და ბუნებრივ აირზე (CNG) მუშაობს. უახლოეს მომავალში დაიწყება მათი აწყობა-წარმოება და შემდეგ უკვე დედაქალაქში შემოყვანა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიზანია, რომ ავტობუსების მოცდის დრო მაქსიმუმ ათი წუთი იყოს.

„ჩვენ არამხოლოდ ავტობუსების პარკის განახლება-ჩანაცვლებით შემოვიფარგლებით, არამედ გვინდა, დამატებითი ავტობუსების შემოყვანა, რადგან დედაქალაქში არსებობს კონკრეტული უბნები და რაიონები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება, ან თუ გადაადგილდება, მგზავრს დიდხანს ლოდინი უწევს. ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოცდის დრო მაქსიმუმ 10 წუთი იყოს. გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ ამაზე არ გავჩერდეთ, დამატებითი ავტობუსები შევიძინოთ. გარდა ამისა, 18-მეტრიანი ავტობუსებიც დედაქალაქის ქუჩებში ძალიან მალე გამოჩნდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

126 ერთეული ავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით განხორციელდა. BMC-ის მარკის ავტობუსები 90 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 28 დასაჯდომი ადგილით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა. ავტობუსებს გააჩნია, როგორც საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის შიდა და გარე სისტემა, USB-დამტენები, გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება და მგზავრთა ნაკადის ავტომატური მთვლელი სისტემა.

ხელშეკრულების მიხედვით, BMC მარკის ავტობუსებს უნდა ჰქონდეს სრული გარანტია მიღებიდან 24 თვის განმავლობაში. ავტობუსების სასიცოცხლო ოპერირებს ვადა კი უნდა იყოს არანაკლებ 12 წელი და 960 000 კმ გარბენი. პროექტის ღირებულება 37 885 207 ევროს შეადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე