შოთაძის მთავარ პროკურორად ხელმეორედ დანიშვნა ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 19.02.2020
ნანახია: 723

ეჭვგარეშეა, რომ ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად ხელმეორედ დანიშვნა პრობლემურია და ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

"​მხედველობაში მივიღეთ ბატონი შოთაძის გენერალურ პროკურორად დანიშვნა. ვფიქრობ, ეს იყო პროცედურის გაგრძელება, რაც პროგნოზირებადი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ერთი მხრივ, ბატონ შოთაძეს ხანგრძლივი კარიერა აქვს ამ პროფესიაში, მეორე მხრივ, ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე პრობლემურია და ჩემი აზრით, ხელს არ უწყობს სასამართლო სისტემისადმი ნდობის მოპოვებას, რაც ვფიქრობ, დღესდღეობით ზოგად პოლიტიკურ გარემოში არის გამოწვევა. ეს არის საკითხი, რომელიც დაფიქრებას და მომავალში გათვალისწინებას საჭიროებს", - თქვა ჰარცელმა, პირველი არხის ცნობით.

18 თებერვალს ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე