ლია მუხაშავრია: ლევან მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული

საქართველო, თბილისი - 12:14 | 29.12.2015
ნანახია: 2436

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით პროტესტი არ ცხრება. ამ ფაქტს სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სისტემის მანკიერებათა თვალსაჩინო გამოვლინებად მიიჩნევს და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავალს ეჭვქვეშ აყენებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის წინააღმდეგ აქტიურობებს გეგმავენ ადვოკატთა ასოციაცია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და პოლიტიკური პარტიები. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალზე საკუთარი შეფასებები და მოსაზრებები აქვს უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას, რომელმაც ”პრაიმნიუსჯორჯიას” შეკითხვებს უპასუხა:

  • ლევან მურუსიძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ადგილი სამწლიანი ვადით დაიკავა, თუმცა, მას აქვს შანსი, რომ საქმიანობა უვადოდ გააგრძელოს. იმის გამო, რომ მისი სახელი, წარსულის გახმაურებულ საქმეებთან და, მათ შორის, სანდრო გირგვლიანისა თუ სულხან მოლაშვილის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილ არასამართლიან გადაწყვეტილებებს უკავშირდება, მოსალოდნელი იყო, რომ  მისი დანიშვნა საზოგადოების პროტესტს გამოიწვევდა. პირადად თქვენი უკმაყოფილება რით არის მოტივირებული?

-ლევან მურუსიძე ცხოვრებაში არ შემხვედრია და პროცესზე მასთან არ გამოვსულვარ, მაგრამ იმის გამო, რომ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულების გამართულ მუშაობას სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და რამდენად არის ეს დამოკიდებული მართლაც პროფესიონალ, კვალიფიციურ და დამოუკიდებელ მოსამართლეებზე, აქედან გამომდინარე მაქვს ის პროტესტი, რაც ჩემს გარდა, ძალიან ბევრს გააჩნია. სხავთაშორის, პირველი უარყოფითი კომენატრები მურუსიძის სავარაუდო არჩევასთან დაკავშირებით, თავის დროზე მე გავაკეთე, რადგან ასევე კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ პერსონას, რომელიც სასამართლოში გვყავს. ლევან მურუსიძე ვერანაირ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, თან იმის გათვალისწინებით, რომ რაც მე ვიცი, კონკურსში ვერ გავიდა რამდენიმე, ძალიან ღირსეული კონკურსის მონაწილე. ასეთ პირობებში, არა მხოლოდ მურუსიძის არჩევაა აღმაშფოთებელი და საშიში ტენდენციის მაჩვენებელი, არამედ თავად იუსტიციის საბჭოს მოქმედება, მისი დამოკიდებულება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიმართ. საშიშია, როცა სასამართლო ხელისუფლება არ ფუნქციონირებს სწორად და არც მომავალში იფუნქციონირებს, თუკი მურუსიძის მსგავსი მოსამართლეები გვეყოლება. ამის გარდა, მე ძალიან ცუდი პროგნოზი გავაკეთე იმ თვალსაზრისით, რომ მისი ასე დაჟინებით დანიშვნა, მაშინ, როცა არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მის დანიშვნას არ ჰქონდა, ეს იყო ტენდენცია, რომ ხელისუფლება აპირებს გააყალბოს მომავალი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო გასაჩივრება არ იქნება შედეგიანი, რადგან სააპელაციო ინსტანციაში საქმეს ლევან მურუსიძე დახვდება.

-მომავალი საპარლამენტო არჩევნებია ამის მიზეზი და სხვა არაფერი?

-უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს საკითხი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შეთანხმებული იყო და ყველაფრის მიუხედავად მისი დანიშვნა ამიტომ მოხდა.

- უკვე ითქვა, რომ სააპელაციო სასამართლოში მას პოლიტიკური დაკვეთების შესრულება მოუწევს. იმ პირების პერსონიფიცირება თუ შეგიძლიათ, ვინც უშუალოდ გადაწყვიტა ლევან მურუსიძის ბედი?

-თუ გავითვალისწინებთ, რომ ლევან მურუსიძე იყო ევროსასამართლოში გირგვლიანისა და მოლაშვილის გახმაურებულ საქმეში მოსამართლე, საერთაშორისო ანგარიშებში აუცილებლად ხელისუფლებას მოკითხავენ თუ რატომ იქნა ეს ადამიანი მოსამსართლედ დანიშნული. ეს რისკი არსებობს და საერთაშორისო შეფასება იქნება ძალიან მძიმე, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ამაზე წავიდა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხელისუფლებას სჭირდება, მურუსიძემ გაყალბებული არჩევნები დაუკანონოს. სხვა არგუმენტი ამ შემთხვევაში არ არსებობს, რადგან ძალიან ბვერი მოსამართლე თვითონ ფიქრობს, რით ასიამოვნოს ხელისუფლებას და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებისთვის იქნება მოსაწონი. ლევან მურუსიძე ამ კატეგორიაში არ გადის, არამედ ის გადის იმ კატეგორიაში, რომელიც პირდაპირ დავალებას შეასრულებს და ეს დავალება იქნება არჩევნებთან დაკავშირებული.

-მოსამართლეებმა, ვინც ლევან მურუსიძის კანდიდატურას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, მათ ეჭვქვეშ დააყენეს თავიანთი რეპუტაციაც. ამ შემთხვევაში, რამდენად არის სასამართლო ხელისუფლების მომავალი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოკიდებული?

-მე მგონი, აქ ორი ინტერესი დაემთხვა ერთმანთს. ერთი იყო ის, რომ ლევან მურუსიძის სასამართლოში დარჩენა პირადად ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული და მეორე ის, რომ მოსმართლეებს სჭირდებათ მურუსიძე. იმიტომ, რომ როდესაც კონფერენციაზე მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ირჩევდნენ, მან პირობა მისცა მოსამართლეებს, რომ არცერთი სადისციპლინო   სამართალწარმოების საქმე არ აღიძვრება იუსტიციის საბჭოში მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ. სწორედ, ამიტომ გავიდა ასეთი მაღალი ხმებით. ის ასრულებს ამ დანაპირებს და ამიტომ ახლა, იუსტიციის საბჭოს და კონფერენციის ყველა მოსამართლის ინტერესშია, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე. თუკი მოსამართელობის ვადა გაუვიდოდა, ის დარჩებოდა იუსტიციის საბჭოს მდივნად. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.

-რა გამოსავალი არსებობს თქვენი აზრით, როცა   ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი რეფერენდუმზე, პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ცვლილებებს ახსენებენ,   იმის მიუხეადავად, რომ სწორედ ამ პარლამენტის მიერ არჩეულმა სამმა წევრმა იუსტიციის საბჭოში ხმა მისცა იმას რაც დღეს სახეზეა?

-საზოგადოება, ალბათ, არ გაჩერდება. მე ვიცი, ამ კონკურსში მონაწილე რამდენიმე კანდიდატი, ვინც აპირებს ეს საკითხი გაასაჩივროს და სასამართლოში იდაოს, რადგან მურუსიძე იმავდროულად იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ისე რომ არ გადამდგარა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

-მთავრობის   შემადგენლობა პარლამენტში, სავარაუდოდ, ამ დღეებში დამტკიცდება. მთავრობის ძველი შემადგენლობით შენარჩუნება ნიშნავს თუ არა, რომ არსებული პრობლემებიი ძალაში რჩება, თუნდაც თეა წულუკიანის კონტექსტში, რომლ,ის მიმართაც     ბევრი პრეტენზიები არსებობს?

-რაც ეხება მთავრობის დამტკიცებას, ეს პარლამენტის საქმეა და ვნახოთ, რამდენად უყრის კენჭს ასე უცვლელ მთავრობას. ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და წინასაახალწლოდ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდონ. არა მგონია, მთავრობის დამტკიცება ასე მარტივად მოხდეს, თუკი რა თქმა უნდა, ”ქართულ ოცნებას” რაიმე საღი აზრი კიდევ შერჩა.

-რამ შეიძლება ხელი შეუშალოს მთავრობის შემოთავაზებული სახით დამტკიცებას?

-შესაძლოა, არასაკმარისი ხმები მოაგროვონ და ყველამ არ დაუჭიროს მხარი, რადგან პრემიერის გარდა, ყველა თუ ადგილზე დარჩა, რა აზრის ჰქონდა საერთოდ ასეთ გადაწყვეტილებას. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და მთავარობისადმი მთელი უკმაყოფილება უკავშირდებოდა არა მხოლოდ უშუალოდ და პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ მთლიან მთავრობას. თუკი აქამდე ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა ისიც უნდა დარწმუნდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად წყვეტს, მთავრობის ხელმძღვანელი ვინ იქნება და მთავრობაში ვინ იქნება. რეიტინგებმა კიდევ აჩვენა, რომ ხელისუფლებას არჩევნების შემთხვევაში საქმე ძალიან ცუდად აქვს, ამიტომ მათ რადიკალურად გაუმჯობესებულ სიტუაციაზე უნდა იზრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ”ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ მთავრობა ასე მარტივად მიიღებს საკმარის ხმებს პარლამენტში. წინასწარი კომენატრები კი იყო მთავრობის მხარდამჭერი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ უმრავლესობაში ყველას ასეთი აზრი აქვს.

-ხელისუფლების რეიტინგი და მომავალი ბევრად იყო დამოკიდებული იმ დაპირებულ სამართლიანობის აღდგენაზე, რაც ამ წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა. ექნება თუ არა შემდგომი ცგართულებები ლევან მურუსიძის სახელთან და ხელისუფლების იმიჯთან დაკავშირებულ საქმეებს?

-თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ მოხდებოდა სამართლიანობის აღდგენა, ლევან მურუსიძის დანიშვნით ალბათ, ყველა დარწმუნდა, რომ არავითარი სამართლიანობის აღდგენას ეს ხელისუფლება არ აპირებს და არ გეგმავს. ამასთან, თუკი სასამართლოსთან დაკავშირებული ამგვარი მოქმედებები გაგრძელდება, საზოგადოება ზურგს შეაქცევს სასამართლოს და მოიფიქრებს, რით ჩაანაცვლოს სასამართლო, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს ამისი ტრადიცია და გამოცდილება. აი, ახლა მთავრობა არა გვყავს, მაგრამ არაფერი შეცვლილა, არ გვყავს სასამართლო და ჩვენ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ეს უფრო იმათი პრობლემაა, ვისაც ევალება და უნდა გაეკეთებინა საქმე. ვფიქრობ, კრიზისული ვითარება არ შეიცველება იმის მიუხედავად, ლევან მურუსიძე არის თუ არა სასამართლოში. ჩვენ მიჩვეული ვართ კრიზისულ სიტუაციებს, უმთავრობო, ან უთაო მთავრობის პირობებში ცხოვრებას.

-ძალიან ცუდი პროგნოზია...

- თუმცა, იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ძალიან ფხიზლობს და ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე საქმე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეს.

-ანუ კრიზისის შენარჩუნებითაც ხელისუფლებაა დაინტერესებული, იქიდან გამომდინარე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც მისი პოლიტიკური ნება სჭირდება?

-არ სჭირდება. თუკი პარლამენტში მთავრობა საკმარის ხმებს ვერ მოაგროვებს და საკანონმდებლო ორგანო წარდგენილ შემადგენლობას კენჭს ხელმეორედ ვერ უყრის, მაშინ პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს თავად პარლამენტი და ვფიქრობ, ამას გიორგი მარგველაშვილი მყისიერად გააკეთებს, ზუსტად ისე, როგორც ირაკლი ღაიბაშვილის პრემიერობიდან გადადგომაზე მყისიერი თანხმობა განაცხადა. უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილს ძვირად დაუჯდება ის, რომ გიორგი მარგველაშვილს ცუდად გადაეკიდა და ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტს ასე არასერიოზულად ეკიდებიან.

”პრაიმნიუსჯორჯია”, ხათუნა ხატიაშვილი

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე