რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 13:18 | 26.12.2019
ნანახია: 653

„საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში იღებს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა და იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ცუდია და სახლში უნდა წავიდეს, ხოლო თუ დაამტკიცებდა, მაშინ კარგი და პროგრესული იქნებოდა - ეს არის ორმაგი მიდგომა",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაცემა „პოლიტმეტრში" ისაუბრა. მისი შეფასებით, ივნისში, პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივის გამოცხადებას პროტესტი არ დაუსრულებია - პროტესტი დარჩა მანამ, სანამ ოპოზიციური პარტიების რესურსი ბოლომდე არ ამოიწურა.

„რომ არ მომხდარიყო 20 ივნისი, ყველამ იცოდა თუ არა ამ საზოგადოებაში, რომ პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო? მაშინ მივიჩნიეთ, რომ ოპოზიციის მოქმედებები იყო უპასუხისმგებლო და შესაბამისად, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ გადავდგით ნაბიჯები. პოსტი დატოვა კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა ინიციატივა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა პარლამენტში მიღებული. თუმცა, ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ინიციატივას, საბოლოო ჯამში, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში და საქართველოშიც, იღებს პარლამენტი, როდესაც ის საკონსტიტუციო ცვლილებას ან კანონის შეცვლას ეხება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ლეგიტიმურმა პარლამენტმა. ახლა იმაზე საუბარი, რომ თუ პარლამენტმა ეს არ დაამტკიცა, ეარის ცუდი პარლამენტი, სახლში უნდა წავიდეს და ბოქლომი უნდა დაედოს, ხოლო თუ ამას დაამტკიცებდა, მაშინ იქნებოდა კარგი და პროგრესული პარლამენტი, ბოდიში, მაგრამ ეს არის ზუსტად ორმაგი მიდგომა და ეს არ არის დემოკრატიული. ეს არ არის კანონის უზენაესობის და იმ პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც არის დასავლეთში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე