ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროს ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო - პუტინი

საქართველო, თბილისი - 10:16 | 10.12.2019
ნანახია: 577

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე მოსკოვის მეტროში ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთის ლიდერს, ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში დახმარება სთხოვა.

 „ვიცი, რომ ბერლინში დაიღუპა ადამიანი, ის უბრალოდ ქართველი არ არის, ის ადამიანია, რომელიც აქტიურად  მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს კავკასიაში. ის ეროვნებით ქართველი არ არის. ამ ადამიანს ვეძებდით. ის მებრძოლია, ამასთან ძალიან სასტიკი და სისხლისმსმელი ადამიანია“, - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ.

პუტინმა აღნიშნა,რომ ერთ-ერთი ტერაქტის დროს, რომელთანაც კავშირი მოკლულს ჰქონდა, 98 ადამიანი დაიღუპა.

 

 „მე არ ვიცი მას რა დაემართა. ეს კრიმინალების გარემოა და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - დასძინა პუტინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა ბერლინს მეტროში აფეთქებების ორგანიზატორების გადაცემის თხოვნით მიმართა, მაგრამ პუტინის თქმით, ეს თხოვნა შესმენილი არ იქნა. ამასთან რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არაკორექტული უწოდა.

შეგახსენებთ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ზიანს მიაყენებს გერმანიისა და რუსეთის ურთიერთბებს.

აგვისტოში, ბერლინში მოკლეს ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე