2008 წელს საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყებას დიმიტრი მედვედევი მძიმე გადაწყვეტილებას უწოდებს

საქართველო, თბილისი - 15:48 | 05.12.2019
ნანახია: 748

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწვეტილება 2008 წელს საქართველოსთან საომარი მოქმედებების დაწყება იყო. ამის შესახებ მან პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მედვედევის თქმით, ასეთი მძიმე გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტად არჩევიდან ორი თვის შემდეგ მოუწია. „ეს ძალიან მძიმე იყო... მაგრამ შემდეგ განვითრებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი და ერთადერთი იყო“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტებსა და ქართულ ჯარს შორის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

ომში რუსეთი ღიად 8 აგვისტოს ჩაერთო.

რუსებისა და ოსების გაერთიანებული სამხედრო შენაერთები ქართველებს ცხინვალში სამი დღე ებრძოდნენ. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს.

9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის შემდეგ ქართულმა ჯარებმა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონი დატოვეს. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით კონფლიქტის მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში - 16 აგვისტოს.

12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვები და რუსი ჯარისკაცების თვითნებობები არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე