პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა - მაიკლ მაქკოლი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 05.12.2019
ნანახია: 744

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს რუსეთის „დიდი შვიდეულის" ჯგუფში არდაშვებას, მანამდე სანამ იგი პატივს არ სცემს მისი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი), ზემოხსენებული რეზოლუციის დამტკიცების თაობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნების დაუშვებლობის თაობაზე, რაც მისი განმარტებით ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის" ქვეყნების ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მსოფლიოში. „პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი [აშშ-ის] მოკავშირეების წინააღმდეგ  კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს [აშშ-ის] არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი [აშშ-ის] სანაპიროების ჯაშუშობა. ... პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. ჩვენ [აშშ] საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის რესპუბლიკური, თუ დემოკრატიული საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს - ბ-ნ პუტინს, რუსეთის ფედერაციას." - აღნიშნა ბ-ნმა მაქკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე