ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რადგან რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ გვეხმარება - ანგელა მერკელი

საქართველო, თბილისი - 11:19 | 05.12.2019
ნანახია: 626

გერმანიამ ორი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვის მხრიდან არასაკმარისი თანამშრომლობის გამო მიიღო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

 „ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რადგან რუსეთი ამ მკვლელობის საქმის გამოძიებაში არ გვეხმარება“, - განაცხადა მერკელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან, პარიზში დიპლომატების გაძევების საკითხი განიხილოს.

კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატების გაძევება „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტისთვის დაბრკოლება არ იქნება.

4 დეკემებერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში, აგვისტოში მოკლეს, მას ველოსიპედით მიმავალმა ქილერმა ქუჩაში ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ბერლინის პროკურატურამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე