თეა წულუკიანი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეცუბნები მხოლოდ ციხეში იქნება შენარჩუნებული

საქართველო, თბილისი - 14:21 | 28.12.2015
ნანახია: 1563

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სპეცუბნები მხოლოდ ციხეში იქნება შენარჩუნებული

თეა წულუკიანმა მისი უწყების მიერ გასატარებელ გეგმაზე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ამ წუთებში მინისტრებს უსმენენ.

მინისტრობის კანდიდატის ცნობით, სპეცუბნების საკითხთან დაკავშირებით უკვე შექმნილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მთავრობა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.

„კანონპროექტის თანახმად, ძალიან მინიმალურ შემთხვევებში, სპეცუბნები მაგალითად, მხოლოდ ციხეში შენარჩუნდება. თავდაცვის სამინისტროსგან და სხვა ძალოვანი უწყებებისგან მზაობა არის, რომ თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის, მომავალ არჩევნებზე სპეცუბნები არ არსებობდეს. ეს პაკეტი თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენი მონაწილეობით მთავრობაზე იქნება წარდგენილი. რაც კითხვებს ბადებდა, კანონის დონეზე უნდა გამოირიცხოს“, - დასძინა წულუკიანმა.

წულუკიანის განცხადებით, ასევე გაზაფხულზე საქართველოს ისეთ მუნიციპალიტეტებში გაჩნდებიან ნოტარიუსები, სადაც დამოუკიდებლობის შემდეგ ნოტარიუსი არ ყოფილა და ხალხს ავტობუსით მოგზაურობა საათობით უწევდა.

მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ ნოტარიატის კანონის რეფორმის მეორე ტალღა გაზაფხულზე დაიწყება, რომელიც ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს და დახვეწს.

ამასთანავე, წულუკიანის თქმით, „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდება, რომელის გატვალისწინებითაც, პოლიტიკური პარტიების წესდებებსა და მონაცემებში შესწორებების შეტანის დროს ნოტარიუსის მონაწილეობა იქნება დაშვებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე