საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იქნება - მთავრობის შემადგენლობა უცვლელი დარჩა

საქართველო, თბილისი - 18:44 | 26.12.2015
ნანახია: 1433

გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას პარლამენტს უცვლელად წარუდგენს, ცვლილებების განხორციელებას კი მომავლისთვის გეგმავს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. 

ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა, გაავრცელა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას.

"პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე