Ryanair-ი თბილისის მიმართულებით პირველ, რეგულარულ რეისს დღეს შეასრულებს

საქართველო, თბილისი - 09:40 | 06.11.2019
ნანახია: 865

ირლანდიური "ლოუკოსტერი" Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით პირველ, რეგულარულ რეისს დღეს, 6 ნოემბერს განახორციელებს. ფრენა მილანის ბერგამოს საერთაშორისო აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით, 14:55 საათზე განხორციელდება, ხოლო თვითმფრინავი განრიგის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისის დროით, 22:05 საათზე დაეშვება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი მილანის მიმართულებით ფრენა, ადგილობრივი დროით, 22:40 საათზე შესრულდება და დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავი, ასევე ადგილობრივი დროით 23:50 საათზე დაჯდება.

როგორც ცნობილია, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.

ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;
• მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
• ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე