საქართველოს, ოთხდღიანი ვიზიტით, ადამ კიზინგერი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:30 | 05.11.2019
ნანახია: 850

საქართველოს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი ეწვევა. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კიზინგერის ვიზიტი საქართველოში 5-9 ნოემბერს შედგება. ადამ კიზინგერი საქართველოში კონგრესმენ ალექს მუნთან ერთად ჩამოდის.

ვიზიტის ფარგლებში კონგრესმენები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. კონგრესმენები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობიან არსებულ ვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ქ. ბათუმში, კონგრესმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. კონგრესმენები ეწვევიან ბათუმისა და ფოთის პორტებს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან აშშ-სა და საქართველოს მეგობრობის ასოციაციის წევრები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

ადამ კიზინგერი საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც მის საკანონმდებლო ინიციატივებსა და საჯარო გამოსვლებში გამოიხატება. კიზინგერი არის აშშ-ის კონგრესის მიერ 2019 წელს მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის თანაინიციატორი; ასევე კიზინგერის ხელმოწერაა 29 კონგრესმენის მიერ აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლისთვის მიწერილ წერილში, სადაც საუბარია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე. კიზინგერი აქტიურად გამოდის კონგრესის მოსმენებზე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გზავნილებით და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოში. კონგრესმენი კიზინგერი საქართველოს მეორედ სტუმრობს. კონგრესმენი მუნი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტის წევრია და რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ფინანსები და ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოს პირველად ეწვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე