სებ-ი ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 25.09.2015
ნანახია: 1884

26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ უმასპინძლებს.

ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უხელმძღვანელებს.

ღონისძიებაში  მონაწილეობს კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი - ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან.

საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემის შესახებ იმსჯელებენ - ვალუტის გაცვლითი კურსი და მაღალი დოლარიზაცია.

 შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელმოწერება განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკის მმართველთა კლუბი 1998 წელს დაარსდა. მმართველთა კლუბის მთავარი მიზანია რეგიონში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ფულადი და სავალუტო ბაზრების ეფექტური ფუნქციონირება, ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და მონაწილე ქვეყნებისთვის სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მსჯელობა. კლუბი განსაკუთრებულ ინტერესს უთმობს განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შემოდინების წახალისების და ეროვნული საგადახდო სისტემების განვითარების საკითხებსაც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე