რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბულინგში დადანაშაულებული მე-6 კლასელი გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 12:07 | 30.09.2019
ნანახია: 864

რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნაწილი პროტესტის ნიშნად გაკვეთილებს არ ესწრება. მოსწავლეები და მშობლები იმ მე-6 კლასელი გოგონას სხვა სკოლაში გადაყვანას ითხოვენ, რომელსაც ამავე სკოლის მუსიკის პედაგოგი ფიზიკურ ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებს.

მე-6 კლასელი გოგონას დედა ბრალდებებს უარყოფს და ძალადობაში მუსიკის მასწავლებელს ადანაშაულებს. მშობელი აცხადებს, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანას არ აპირებს.

სკოლაში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეჩერებულია. გავრცელებული ცნობით, მოსწავლე და მშობელი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა წაიყვანეს.

ადგილზე  საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.  იქ იმყოფება რუსთავის მერიც.

სკოლის მუსიკის მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პედაგოგის განმარტებით, გოგონა მას თითქმის ერთი წელია უკან დაჰყვება, სურათებს უღებს და მოსწავლეების წინაშე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. მისივე თქმით, ბოლო ასეთი ადევნების შემდეგ 11 წლის მოსწავლემ მას ხელი ჰკრა და კიბეზე დააგორა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე