მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა დროულად მოხდა, კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით - ტყიბულელი მეშახტე

საქართველო, თბილისი - 15:56 | 27.09.2019
ნანახია: 687

კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით, რადგან ეკონომიკის მინისტრისგანაც და ახალი კომპანიისგანაც მივიღეთ დაპირება, რო შესრულდება ჩვენი ორი მოთხოვნა - გაიცემა დავალიანება და მომავალში გავაგრძელებთ მუშაობასაც, - ამის შესახებ ტყიბულელმა მეშახტე გია ბაბუხადიამ განაცხადა.
მეშახტის თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ პრობლემის გადაწყვეტა ოპერატიულად მოხდა, დროში არ გაიწელა და ახალი მფლობელი მალე გამოინახა.
„ძირითადად გვქონდა ორი პრობლემა - დავალიანების გაცემა და სამომავლოდ რა ბედი ეწეოდა კომპანიას, ეს ორივე პრობლემა მოგვარებულია. დანარჩენი უკვე შიდა სამზარეულოა და უშუალოდ ახალ მფლობელებთან დავარეგულირებთ ყველაფერს. ამ ეტაპზე კმაყოფილი ვართ მიღწეული შედეგით, რაც მთავარია ოპერატიულად მოხდა ყველაფერი და დროში არ გაწელილა“, - აღნიშნა გია ბაბუხადიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გუშინ ტყიბულში, გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მეშახტეებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანია „საქნახშირმა“ კი ახალი ინვესტორი „Steel Investment Trades Company“ წარადგინა, რომელიც მეშახტეთა მოთხოვნების შესრულებას უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე