კამბოჯაში მაშველებმა კლდეში მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 15:08 | 09.08.2019
ნანახია: 205

კამბოჯაში მაშველებმა კლდეში მოყოლილი მამაკაცი გადაარჩინეს. დაშავებული ორ კლდეს შორის შეძვრა, რათა ღამურას ფეკალიები, კამბოჯაში ცნობილი როგორც გუანო, შეეგროვებინა.

28 წლის მამაკაცის ძებნა პოლიციამ ოჯახის წევრების განცხადების შემდეგ დაიწყო. მას უბედური შემთხვევიდან 4 დღეში მიაკვლიეს.

სამაშველო ოპერაცია 10 საათს გაგრძელდა. 200-მდე მაშველმა კლდე ნაწილობრივ მოანგრია და შეძლო დაზარალებულის გამოყვანა. 4 დღის ნაშიმშილები მამაკაცი, სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებულმა საავადმყოფოში გაიხსენა, რომ მზად იყო თავი მოეკლა, რადგან ეგონა რომ ვერასდროს იპოვნიდნენ.
„თან რომ მქონოდა დანა, ალბათ თავს მოვიკლავდი. არ მეგონა ჩემს პოვნას თუ შეძლებდნენ. აღარ მქონდა გადარჩენის იმედი, შემდეგ კი აღმომაჩინეს",- განაცხადა დაშავებულმა საავადმყოფოში.

პოლიციის უფროსის განცხადებით, კლდის მიმდებარედ სამეწარმეო საქმიანობა აიკრძალება, რათა მომავალში მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ.

დაშავებული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მოინახულა და მის ოჯახს საჩუქრად 2500 დოლარი გადასცა.

კამბოჯა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ღამურას ფეკალიების შეგროვება კი ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი საქმიანობა, რადგან ცხოველის ბუნებრივი ნარჩენები აქტიურად გამოიყენება სასუქებსა და ნიტრატებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე