არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით - სააკაშვილი აგვისტოს ომზე

საქართველო, თბილისი - 16:18 | 08.08.2019
ნანახია: 814

არ ვიყავით მზად,  ჩვენი შიში ქრონიკული გახდა,  არ ვიყავით მზად იმისთვის, რაც მოხდა, ძალიან დაძაბულები ვიყავით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა გააკრიტიკა ტალიავინის დასკვნა და წინააღმდეგობრივი უწოდა დასკვნის იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ რუსი ჯარისკაცები უკვე კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ, თუმცა კონფლიქტი საქართველომ დაიწყო.

„ჩვენ რომ არაფერი მოგვემოქმედებინა, ისინი შესაძლოა, იქვე დარჩენილიყვნენ, თუმცა ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაგვაზიანებდა, რადგან სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო. ჩვენთვის ეს ცუდი სცენარი იყო. ჩვენ დავუშვით სხვა შეცდომებიც. არ ვიყავით მზად – ჩვენი შიში ქრონიკული გახდა, არ ვიყავით იმისთვის მზად, რაც მოხდა. ძალიან დაძაბულები ვიყავით. გაზაფხულზეც ძალიან ახლოს ვიყავით ომთან, მაგრამ იყო ბევრი მედიაცია. 7 აგვისტოს ღამით ჩინეთში მივდიოდი და აეროპორტიდან ორჯერ დავბრუნდი. ოლიმპიადაზე ვაპირებდით წასვლას. დაძაბულობა ქრონიკული გახდა. იყო მასობრივი სროლები და ამიტომ დავრჩი. მერჩივნა, პეკინში წავსულიყავი“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ცხინვალის დაბომბვასთან დაკავშირებით მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე, მიხეილ სააკაშვილმა  აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყების დროს, ჯარისკაცებმა ნორმები უნდა დაიცვან, თუმცა მათი გადასაწყვეტია, რა სახის საცეცხლე ძალას გამოიყენებენ და ამის პოლიტიკურად გაკონტროლება შეუძლებელია. ამასთან, მისი თქმით, გზები იყო ბლოკირებული, რაც უნდა გახსნილიყო, რუსეთის არმია კი ქართულ ჯარს რამდენიმე წერტილიდან უტევდა სხვადასხვა საცეცხლე საშუალებით.

„მოსალოდნელი შედეგი იყო ცხინვალის და ველის სწრაფად გავლა, გზების ბლოკირება, რის შემდეგ მათ შემდგომ წინსვლას დავბლოკავდით. როკის გვირაბი უკვე ივსებოდა რუსეთის ტანკებით. ჩვენ უნდა გაგვევლო ცხინვალი, მაგრამ დავაგვიანეთ. რუსები უკვე ჯავაში იყვნენ და ელოდებოდნენ. ჩვენი შეცდომა ნელა მოქმედება იყო“ – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე