მაშველებმა დაბა სტეფანწმინდაში ესტონელი ტურისტი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 12:27 | 05.08.2019
ნანახია: 592

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ დაბა სტეფანწმინდაში, მეტეოსადგურზე იმყოფებოდა ესტონელ ტურისტთა ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა და მაშველების დახმარება ესაჭიროებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 54 წლის მამაკაცს, დაბალი წნევის გამო, ადგილზე მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სპეციალური მოწყობილობით მიეწოდებოდა ჟანგბადი და მისი ქვეითად გადაადგილება და ჩამოყვანა შეუძლებელი იყო.
"სპეციალური მოწყობილობით ხდებოდა პაციენტის ჟანგბადით უზრუნველყოფა"

უამინდობის გამო, მეტეოსადგურის მიმართულებით, შეუძლებელი იყო ვერტმფრენის გაფრენა, შესაბამისად, ტურისტების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე, სტეფანწმინდიდან გავიდა ხუთკაციანი ქვეითი სამაშველო ჯგუფი.

მაშველებმა შეუძლოდმყოფი ესტონელი ტურისტი მეტეოსადგურიდან უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს. მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ტურისტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის რაიონის სამაშველო ჯგუფი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე