არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი

საქართველო, თბილისი - 14:07 | 01.08.2019
ნანახია: 902

"რუსთავი2"-ის დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას, 40%-იანი წილის დათმობის შესახებ პასუხობენ.

ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის პასუხი - უარია. ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი აცხადებენ, რომ არ აპირებენ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. მათივე თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა.

"2004 წელს "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია.

ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით.
ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოგვაცხადებდა, რადგან არ ვიღებთ „დიდსულოვნად“ ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებრივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია", აღნიშნულია ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე