საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 01.08.2019
ნანახია: 587

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, კახაბერ ქემოკლიძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა.

კახაბერ ქემოკლიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა 2018 წლის აპრილიდან დღემდე ეკავა.

2001-2007 წლებში მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის განხრით.

2010-2011 წლებში ევროკომისიის სრული სტიპენდიით ლეიდენის უნივერსიტეტში (ლეიდენი, ნიდერლანდები), მიიღო მაგისტრის ხარისხი ევროპათმცოდნეობაში.

2008 წელს, აშშ-ის მთავრობის სრული სტიპენდიით სტაჟირება გაირა აშშ-ში (ქ. სიეტლი, ვაშინგტონის შტატი), არასამთავრობო ორგანიზაცია “EarthCorps”-ში.

2005-2010 წლებში კახაბერ ქემოკლიძე საქმიანობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. საჯარო სექტორში მუშაობა 2011 წელს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში უფროსი ანალიტიკოსის პოზიციიდან დაიწყო.

2012-2013 წლებში ის გახლდათ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2015 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის და ანალიზის სამმართველოს უფროსის მოადგილე, მოგვიანებით კი ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2015-2018 წლებში მან საქმიანობა განაგრძო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს), საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ხოლო მოგვიანებით დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე.

2012 წლის ივნისიდან - 2018 წლის აპრილამდე, ის იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე (GID) და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე (ერგნეთი /გალი). 2016-2018 წლებში ის ასევე იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების „სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის“ შეხვედრებზე.

დღეიდან კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატს, რომელიც პრემიერ-მინისტრის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის დაქვემდებარებაში არსებული ანალიტიკური ცენტრი იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე