ნათელია, ეკა ბესელიას სახე, მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო - ვანო ზარდიაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:16 | 23.07.2019
ნანახია: 1114

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოებულმა გამოძიებამ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ გამოძიების დაჩქარებას ჩვენც მოვითხოვდით, რასაც ეკა ბესელია სპეკულაციისთვის იყენებდა, თითქოსდა, გამოძიება ჭიანურდებოდა. თუ ვიდეოს ამტვირთავი დადგინდა, იმედი მაქვს, შემკვეთებიც ადვილად დადგინდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა. მარტივი ფაქტი დადგინდა. უმრავლესობის ცნობილ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ამ ინფორმაციამ არ გაჟონა მაშინ, როცა ყველა ინფორმაცია ჟონავდა. ეს ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და ინფორმაციები გაჰქონდა, ხოლო სანაცვლოდ ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა. გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გატანას საზოგადოება აფასებს, როგორც ვირთხის საქციელს. ჩემთვის ეკა ბესელია არის გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გამტანი. მან იცოდა, რომ უმრავლესობაში დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა, რადგან მმართველი გუნდისთვის მიუღებელია კორუფცია და კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანები. მან ამ საქციელით მოისხა პოლიტიკური მანტია, წამებულის. თითქოს, მან ვინმე ებრძოდა და წონა ან ფორმა გააჩნდა პროცესებთან მიმართებაში. ნათელია, ეკა ბესელიას სახე. მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო. ამ ვიდეოს გადამღებიც და გამავრცელებლებიც უღირსი ადამიანები არიან. ამ ვიდეოს დაბრალებაც უღირსი საქციელია, რასაც ეკა ბესელია ჩემთან და ე.წ. კობახიძის გუნდთან მიმართებაში აკეთებდა. მან ბოდიში იმ უღირსი ცილისწამებისთვის უნდა მოიხადოს, მაგრამ მას თავმოყვარეობა არ გააჩნია, რომ ბოდიში მოიხადოს და ცილისწამებლურ კამპანიას აგრძელებს. სომხეთში დაკავებულ პირს ვიღაცამ ვიდეო მიზანმიმართულად მიაწოდა, იმედი მაქვს, სამართალდამცავები კითხვებს პასუხს გასცემენ და შემკვეთებიც გამოვლინდებიან“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე