იუსტიციის სამინისტრო რუსთავი-2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 23.07.2019
ნანახია: 1242

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო რუსთავი-2-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

"დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: "გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

დღეს, "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოდან მიიღო გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და იგი ძალაში შევა მაშინ თუ 19 ოქტომბრამდე არ გასაჩივრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე