სასამართლომ, ოქრუაშვილის მოთხოვნა "რუსთავი 2"-ში ხალვაშისა და "შპს პანორამას" წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა

საქართველო, თბილისი - 14:28 | 22.07.2019
ნანახია: 927

სასამართლომ, ოქრუაშვილის მოთხოვნა "რუსთავი 2"-ში ხალვაშისა და "შპს პანორამას" წილების დაყადაღებაზე, არ დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა, რომ  ოთხშაბათს საღამომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას, თუ შეიტანენ სარჩელს და ყადაღას ხელახლა მოითხოვენ.

„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე