იგორ კოკოშკოვი საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით დაემშვიდობა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 21.12.2015
ნანახია: 2212

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს 2016 წლიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება. იგორ კოკოშკოვი საქართველოს საკალათბურთო საზოგადოებას ღია წერილით დაემშვიდობა. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ მას ორწლიანი კონტრაქტის ვადა ამოეწურა.

გთავაზობთ იგორ კოკოშკოვის ღია წერილს:

"ჩემო მეგობრებო საქართველოს საკალათბურთო სამყაროდან.

მინდა გამოვხატო დიდი მადლიერება კალათბურთის ფედერაციაში მომუშავე ყველა იმ პიროვნებისადმი, რომლებმაც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობის საშუალება მომცეს. მადლობა თითოეულ მოთამაშეს, სამწვრთნელო შტაბს, ნაკრებში დასაქმებულ ყველა ადამიანს უთვალავი საათის დაუღალავად შრომაში გატარებისთვის.

უზარმაზარი გამოცდილება იყო საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობა, ბევრი კარგი მოსაგონარი დამიტოვა მეხსიერებაში, რაც სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში.

უამრავი გამოწვევა გვქონდა, უამრავი სიძნელე გადავლახეთ ერთად, რათა დასახული მიზნებისთვის მიგვეღწია. ამასთან, საქართველოს ნაკრები მუდმივად იზრდებოდა, როგორც გუნდი, რაც ჩემთვის ახლაც საამაყოა. მჯერა, რომ დღეს სწორედ საქართველოს ნაკრების წყალობით ყველა უკეთესები ვართ და კალათბურთიც გაცილებით ძლიერია.

გისურვებთ საუკეთესოს. საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ეყოლება საუკეთესო მეგობარი და №1 გულშემატკივარი ჩემი სახით.

დიდი მადლობა, ღმერთი გფარავდეთ.
იგორ კოკოშკოვი"

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან იყო. 2011 წლის ბოლოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სისტემით: 2+2. იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა სამ ევრობასკეტზე (2011, 2013 და 2015 წლებში) ითამაშა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე