რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოს მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 15:49 | 16.07.2019
ნანახია: 888

რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.

„დღეს აქ ვარ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. მათ ვეუბნებით, რომ მათ გვერდით ვდგავართ. 27-ე დღეა ისინი საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, მე მხარს ვუჭერ მათ და ვაცხადებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია. საქართველოს გარდა რუსეთმა მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაციაც. მე თავისუფალ საქართველოს ვუჭერ მხარს. 2 წელია აქ ვცხოვრობ და თავს ვგრძნობ თავისუფლად. აქ არანაირი რუსოფობიური აქციები არ მიმდინარეობს. ხალხი იბრძვის თავისი უფლებებისთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია.

„თბილისსა და საქართველოში თავს ვგრძნობ უფრო თავისუფლად ვიდრე რუსეთში. ეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ, აგვისტოს ომი რუსეთის ამბიცია იყო, პუტინი კი ოკუპანტია“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე